Friday, December 2, 2016



მანანა ტურიაშვილი
სპექტაკლის საინტერესოდ აგებული პერონაჟები და არტისტების არაჩვეულებრივი შესრულება
მსახიობები - მურმან ჯინორია, ნანა ფაჩუაშვილი (ფოტოების ავტორი თიკო ყაზახიშვილი)
ყველას სიკვდილი გველის, ეს გარდაუვალია - გვეუბნება დრამატურგ ერიკ-ემანუელ შმიტთან ერთად ახალგაზრდა რეჟისორი გოგა თავაძე და რუსთაველის თეატრის დასი. მაგრამ როგორ უნდა იცხოვრო ამ მძიმე, ქართულ ცხოვრებაში? ისევ და ისევ სიყვარულით.

თუ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ახალ სპექტაკლს „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ იხილავთ, თქვენ ვერ აცდებით სიყვარულის დაბადების და მისი გამარჯვების ისტორიის ხილვას; თქვენ დააფიქსირებთ, რომ „უბრალო“ დამლაგებელი თუ პრეზიდენტი, სიკვდილის წინ თანასწორია; თქვენ იხილავთ შეყვარებულ სიკვდილს და მის მდუმარე ანგელოზებს. ეს ზღაპარი არ არის, ეს უგუნური ცხოვრებაა, როცა სიყვარულს ვივიწყებთ და პრაგმატულ გათვლებში, ჩვენ დღეებს უღიმღამოდ ვანადგურებთ. „ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი!“ გვეუბნება, თითქმის ფილოსოფოსი, დინჯი და ირონიული მაგი რაჯაპური და სპექტაკლიდან გამოსული, როცა სცენაზე გმირებთან ერთად სიკვდილს მრავალჯერ გაუსწორებ თვალს, ფიქრობ, რომ მართლაც ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება. 



დრამა - კომედიური ელემენტებით, სიკვდილთან პირისპირ მდგარი გმირებით და მსახიობების მიერ „აქ, ახლა, ამ წუთას“ დაბადებული პერსონაჟების ნამდვილი სიცოცხლით. რეჟისორი ყველა ადამიანში ჩაბუდებულ „სიკვდილის შიშის“ დაძლევას ერთადერთი საშუალებით - სიყვარულის უსაზღვრო ძლიერების ჩვენებით ახერხებს.

მომხიბვლელი ქეთი ხირიტის ჰაეროვანი, ტკივილიანი გმირი
და მურმან ჯინორიას დინჯი, იდუმალი პერსონაჟი
მსახიობი ქეთი ხიტირი თამაშობს ჰაეროვან, მშვენიერი სულის მოძრაობას. ის ნიმფას ჰგავს, რომელიც პეპელასავით დაფრინავს, სიკვდილის გამოუცნობ ბინდბუნდში სინათლესავით ციმციმებს, და მაყურებელს, ადამიანის სიკეთეზე და სიყვარულის ძალაზე ესაუბრება:რთული პიესაა და როცა შევიტყვე, რომ ამ გოგოს - ლორას ვთამაშობდი, მოვიხიბლე. თავიდან ინტუიციას გავყევი, მერე სცენაზე რომ გავედით გამიჭირდა. სულ იმას ვფიქრობდი, რომ ხელოვნური არ ვყოფილიყავი, ის ხომ ჰაეროვანია, ბუნებრივი, ტკივილის ნამდვილი შეგრძნებით და ამის სცენაზე გადმოტანის დროს, ხელოვნური რომ არ ყოფილიყო, სულ ბეწვის ხიდზე დავდიოდი. ბატონი მურმანი, ქალბატონი ნანა, ყველა ჩემი კოლეგა მეხმარებოდნენ და დიდი მადლობა მათ და რეჟისორ გოგა თავაძეს, რომ ამ როლის თამაშის შესაძლებლობა მომცა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი როლი იქნება. 

ლიფტი მოძარაობს ზევით-ქვევით. მურმან ჯინორიას გმირი სიკვდილს ირჩევს
ძუნწი მოძრაობით, თითქოს თავშეკავებით, მაგრამ გმირის ტყავში მყუდროდ მოთავსებული მსახიობი მურმან ჯინორია, თამამად აშიშვლებს თავისი პერსონაჟის სულს და იუმორით, ხანაც დრამატიზმით, სპექტაკლში ჰუმანიზმის ძალაზე  და  ადამიანურობაზე ქადაგებს: იცი რა, მაყურებელს სენტიმენტალიზმი, მელოდრამა მოენატრა - ეს საჭიროა, ადამიანებს ეს აკლიათ. დღეს ხომ მარტო ზეიმია, წასვლა-წამოსვლა და ა. შ. და ცოტა ჩაფიქრებაც საჭიროა. ახალგაზრდები კარგად მუშაობენ, ქალბატონი ნანა ძალიან კარგად მუშაობს. მეც რაღაც გავაკეთე და  სპექტაკლი გამოვიდა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო მურმან წარმატებას, თუმც ეს თქვენთვის უჩვეულო არ არის...

ცენტრში რეჟისორი გოგა თავაძე და
 რუსთაველის თეატრის დასი - პრემიერის შემდეგ
გოგა, ბატონმა მურმანმა მითხრა, რომ მაყურებელს ალბათ სენტიმენტალიზმი მოენატრა, მაგრამ აქ ხომ „უბრალო სენტიმენტალიზმი“ არ არის, აქ  ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ გული აგიჩუყდეს და სიყვარულის ძალაზე დაფიქრდე.

სპექტაკლის რეჟისორი, გიორგი თავაძე: რა თქმა უნდა, XX, XXIსაუკუნის რწმენადაკარგულ ადამიანს ეს თემები - სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული აღელვებს და ყოველთვის ააღელვებდა, ხომ? შმიტს დრამატურგს ის ოსტატია, რომელსაც სენტიმენტალური, რაღაც მელოდრამატული ხაზით სერიოზულ, ფილოსოფიურ საკითხებზე ლაპარაკი შეუძლია. ჩვენ ვეცადეთ, ანუ დრამატურგის ერთგული დავრჩით

პიესამ და სპექტაკლმა  გამახსენა ჟან-პოლ სარტრის „დახურულ კარს მიღმა“. ორივე ნაწარმოები სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზეა. თუმცა, განსხვავება არის, ავტორები სიუჟეტს სხვადასხვანაირად ავითარებენ. 

ორივე ფრანგები არიან, ორივეგან ჩაკეტილი სივრცეა. სარტრი ფილოსოფიის ერთგული რჩება და აქ მელოდრამა და სენტიმენტალიზმი შემოდის.  რა თქმა უნდა ეს განსხვავება არის. შმიტი ითვალისწინებს თანამედროვე მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სერიოზულ თემებზე საუბრობს, ის „კომერციული“ დრამატურგიც არის, რომელიც ყველა მაყურებლის გემოვნებას ითვალისწინებს - ვისაც უნდა წაიფილოსოფოსებს, ვისაც უნდა იტირებს, ვისაც უნდა, რაღაცა ადგილებში, გაიცინებს კიდეც, ანუ ეს დრამატურგი თეატრის დიდოსტატია.

მაგრამ თქვენი ხელობაც ხომ უნდა ვიგულისხმოთ? იქ ტემპო-რიტმი არ უნდა დავარდეს, მსახიობებმა ურთიერთობა უნდა ააგონ...

ეს თუ სპექტაკლში იყო... ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ...

ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ ამ სპექტაკლს ვერ უყურებდი და დარჩებოდა ცარიელი სიტყვა, ჩემზე უკეთესად თქვენ იცით. გილოცავთ!
ნანა ფაჩუაშვილის გმირის სიკვდილის ბრწყინვალე სცენა
მსახიობმა დაგვარწმუნა, რომ ადამიანის რესურსები უსაზღვროა
ქალბატონო ნანა, არაჩვეულებრივი იყავით, ისეთი ბუნებრივი და მართალი, რომ შემეშინდა: უცებ რატომ მოტყდა, ნუთუ ცხოვრებამ ასე გაანადგურა... თქვენი პერსონაჟი დავინახე და გილოცავთ ქალბატონო ნანა! 

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი: როცა სიმართლესთან გაქვს ურთიერთობა და დრამატურგია, როლი გამართულია, ბევრად იოლია და არ გამიჭირდა თამაში, მით უფრო, რეჟისორი თუ სწორად წაგიყვანს.

რეჟისორს ლოგიკა აბსოლუტურად სწორად ჰქონდა აგებული და ამიტომაც შედგა ეს ურთიერთობები... თქვენ ხომ თითქმის „სოლო ნომერიც“ გქონდათ და ბოლომდე რომ არ შეგესრულებინათ, მაყურებელს ვერ აიყვანდით, არა? და ეს თქვენ შეძელით, ხან პარტნიორებთან ერთად, ხან მარტო. სცენური დროის მიხედვით, ეს დიდხანს იყო და მე გასაცოდავებული ქალის მთელ ისტორიას ვკითხულობდი.

იმიტომ რომ  ქალების უმრავლესობა მარტოსულები ვართ და ასეთი ტიპაჟი, ჩემთან ცოტა ახლოს არის, უამისობა არ არის. 

უღრმესი მადლობა გულწრფელობისთვის. 

No comments:

Post a Comment